Loading data...
ოკუპანტები დრონების გასაშვებად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას იყენებენ, სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა თავდასხმას ვერ უპასუხებს - ჩერნიაკი

ოკუპანტები დრონებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან უშვებენ, სარგებლობენ იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმას ვერ განახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.  

მისი თქმით, დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ ოკუპანტებმა მათ მიერ დაკავებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორების თავზე კამიკაძის დრონები გამოიყენეს.

„რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებებით მიღებული ვიდეო, სადაც მტრის უპილოტო თვითმფრინავი ჩანს, შეიცავს UT4D.TT მარკირებას, რაც მიუთითებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ საოკუპაციო ჯარებისთვის უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებაზე“, - აღნიშნა მან.

ჩერნიაკმა განაცხადა, რომ დრონების ფრენის ტრაექტორია მოიცავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ნიკოპოლისა და მარჰანეცის დასახლებებს, რომლებიც მტრის მუდმივი თავდასხმების ქვეშაა.

„რუსები დრონების გასაშვებად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას იყენებენ, სარგებლობენ იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები ვერ უპასუხებენ ცეცხლს სადგურის გარშემო, ნახევარი კილომეტრის ზონაში“, - განმარტა ჩერნიაკმა.