Loading data...
ფრონტზე რუსეთის წინსვლის საფუძველი „ხორცის საჭრელი“ ტაქტიკა გახდა, დანაკარგები ორივე მხრიდან იზრდება - The Washington Post

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე სიმშვიდე არ არის. შაბათ-კვირის ბოლოს უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის სამი სოფელი დატოვეს. ეს ტაქტიკური უკან დახევა კიევის დაუცველობას ცხადყოფს. ამის შესახებ უკრაინული მედია The Washington Post-ის სტატიაზე დაყრდნობით წერს.  

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საბრძოლო მასალისა და ახალი ძალების გარეშე უკრაინა რუსეთის შეტევის წინაშე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობის დროს მტერმა ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება რამდენიმე მიმართულებით მოახდინა, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობის შექმნაა“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ. 

ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე უკრაინის ხელისუფლება მსჯელობს, გაწიროს ადამიანები, თუ ტერიტორია დათმოს. შეერთებული შტატებიდან კრიტიკულად საჭირო სამხედრო დახმარება ფრონტზე ჯერ არ ჩასულა და ბრძოლის მიმდინარეობა არ შეცვლილა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ. 

„ალიანსს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ძალის - ყველა ქვეყანა, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს და მის დასაცავად მზად არის, გასაწევრიანებლად მოწვევას იმსახურებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

გამოცემა წერს, რომ დასავლეთის დედაქალაქები უახლოესი თვეების განმავლობაში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებში იქნებიან.

ფრონტზე სიტუაცია კი უფრო მძიმეა, მსხვერპლთა რაოდენობა ორივე მხრიდან სწრაფად იზრდება. გადამწყვეტ ბრძოლებში რუსეთმა ხშირად ცუდად გაწვრთნილი ჯარები გაგზავნა, რის გამოც დიდი დანაკარგები განიცადა. ავდეევკასა და ბახმუტში რუსეთის გამარჯვების საფუძველი „ხორცის საჭრელი“ ტაქტიკა გახდა.