Loading data...
ბორელი: კანდიდატ ქვეყნებს აქვთ ისტორიული შესაძლებლობები, რათა ევროკავშირს თავიანთი მომავალი მყარად დაუკავშირონ

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფართოების 20 წლისთავთან დაკავშირებით თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამჟამინდელ კანდიდატ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა, რათა თავიანთი მომავალი ევროკავშირს მტკიცედ დაუკავშირონ.  

ბორელმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ ევროპულმა ოჯახმა 10 ახალი წევრი მიიღო, რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანაწევრებული ევროპა კიდევ უფრო გააერთიანა.

„თუმცა კონტინენტის გაერთიანებისთვის ჩვენი მუშაობა დასრულებული არ არის. ჩვენ ეს ვიცოდით 2022 წლამდე და დღეს ეს კიდევ უფრო ნათელია, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს“, - თქვა მან.

მისი თქმით, ბოლო წლებში მილიონობით ევროპელმა გამოთქვა სურვილი და იმედი, შეუერთდეს ევროკავშირის პროექტს.

„დასავლეთ ბალკანეთს, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ ისტორიული შესაძლებლობები, რათა ევროკავშირს თავიანთი მომავალი მყარად დაუკავშირონ. ევროკავშირის გაფართოება ტრანსფორმაციული პოლიტიკაა, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების, სამართლიანობისა და დემოკრატიის გაძლიერებას, ასევე, ევროპელების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირს აქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შექმნან უფრო დიდი, ღრმა და ძლიერი ევროკავშირი“, - აღნიშნა ბორელმა.