Loading data...
ინდოეთში ძლიერ სიცხეს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა - Reuters

აღმოსავლეთ ინდოეთში ყველაზე ცხელი აპრილი დაფიქსირდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

სინოპტიკოსები მაისის თვეშიც მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ, თუმცა უახლოეს დღეებში სიცხის ეტაპობრივი კლებაა მოსალოდნელი.

19 აპრილს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომელიც 7 ეტაპად მიმდინარეობს. პოლიტოლოგები არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ერთ-ერთ მიზეზად სიცხეს ასახელებენ. 

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ნაკლებმა ელჭექმა და ანტიციკლონურმა მიმოქცევამ ტემპერატურის მატება გამოიწვია.  

„ანტიციკლონის დროს ქარი მიწიდან ზღვის მიმართულებით ქრის, ასე რომ, მიწა თბება და ტემპერატურა იმატებს“, - განაცხადა მან. 

ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა სიცხის მატება სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, კერალას შტატში, სადაც მაღალი ტემპერატურის გამო სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.