Loading data...
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ნებართვით დასავლური იარაღი უკვე მიიღო - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინამ ზოგიერთი პარტნიორისგან უკვე მიიღო დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მიდგომა უკრაინის მხრიდან იარაღის გამოყენების ფარგლებთან დაკავშირებით ცვლილებებს განიცდის. 

„არიან ისეთი ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას იარაღი ასეთი შეზღუდვების გარეშე მიაწოდეს“, - აღნიშნა ბრაჟემ.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამ შემთხვევებში შეზღუდვების მოხსნა საჯაროდ არ განიხილებოდა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი საჯაროდ არ არის გამოცხადებული და სჯობს, გარკვეულ დრომდე ამის შესახებ ხმამაღლა არ ისაუბრონ. მთავარია ბრძოლის ველზე გავლენა იქონიოს, რადგან აქ არის არჩევანი: ან ხმამაღლა ისაუბრო, ან უბრალოდ გააკეთო ის, რაც საჭიროა“, - თქვა მან.

მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ თუ არსებობს ობიექტები, საიდანაც რუსეთი უკრაინას უტევს, მაშინ უკრაინას უფლება აქვს, საპასუხო დარტყმა განახორციელოს, თუ ეს ობიექტები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბრაჟეს თქმით, იარაღის ასეთი გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობით არის ნებადართული.