Loading data...
ზელენსკი: უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას კიდევ 7 ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან აპირებს

უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას კიდევ შვიდ ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვამზადებთ კიდევ შვიდ ახალ უსაფრთხოების დოკუმენტს ჩვენი სახელმწიფოსთვის - უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს, კერძოდ, უსაფრთხოების შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ზოგიერთი შეთანხმება უკვე მზად არის. ზელენსკი იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეთანხმებები მომდევნო წლების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა იქნება, ვიდრე ქვეყანა ნატოს წევრი გახდება.

„ჩვენ ვავსებთ შეთანხმების პროექტებს უფრო ძლიერი შესაძლებლობებით უკრაინისთვის და ჩვენს პარტნიორებთან საერთო უსაფრთხოებისთვის. ცხადია, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ყველაფერს, რაც რუსული ტერორისგან უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა .

ამჟამად უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი ცხრა ქვეყანასთან მოაწერა, მათგან ბოლო ლატვია იყო. ასევე მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება ნორვეგიასთან.