Loading data...
მარიამ ლაშხის ორგანიზებით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარიამ ლაშხის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის „European Horizons“-ის ორგანიზაციის სტუდენტებთან, რომელშიც საქართველოს პარლამენტიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი მონაწილეობდნენ.

შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები.

ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სექტორული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს როგორც განათლების რეფორმაზე, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.

„მნიშვნელოვანია ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან - სტუდენტებთან და მკვლევრებთან შეხვედრა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის ხედვასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება. მათი ინტერესი იყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობები, განათლების რეფორმა, გარემოსდაცვითი საკითხები. რადგანაც შეხვედრაში ვმონაწილეობდით „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ახალგაზრდებს გავაცანით ჩვენი ხედვა „ღირსებით ევროპისკენ“ კონცეფციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ლაშხმა.