Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან: ტომ კეინთან, კიტ სელფთან, უილიამ კიტინგთან და ჯიმ კოსტასთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ჩართულობის აუცილებლობას და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.