Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის განყოფილების დირექტორს, მარკ ქემერონს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო ივლისში დაგეგმილ ნატოს ვაშინგტონის სამიტს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.