Loading data...
Eldesmarque: მამარდაშვილი „ვალენსიადან“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავა

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ესპანური მედია ბევრს წერს.

მაგალითად, თუ As-მა გაავრცელა ცნობა, რომ მას „ღამურების“ დატოვება ევროტურნირებზე თამაშის გამო სურს, კიდევ ერთი ესპანური გამოცემა Eldesmarque იტყობინება, რომ გიორგი „ვალენსიადან“ მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავა - თუ სხვა კლუბში, სადაც კარიერას გააგრძელებს, პირველი ნომერი იქნება.

მამარდაშვილს ამჟამად „მილანს“, „ატლეტიკოს“ და პრემიერლიგის კლუბებს, „ნიუკასლს“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

„მილანი“ ზაფხულში მაიკ მენიოსთან დამშვიდობებას არ გამორიცხავს და მის ერთ-ერთ შემცვლელად სწორედ 23 წლის კიპერს განიხილავს, ხოლო „ატლეტიკოში“ გიორგის ტრანსფერის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მადრიდელები იან ობლაკის გაყიდვას მოახერხებენ.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ „ვალენსიას“ 35 მილიონი ევროს მიღება სურს და უფრო იაფად ქართველი მეკარე, რომელიც კლუბის მთავარი აქტივია, არ ეთმობა.