Loading data...
ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

გაიმართა პირველობის წილისყრა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას 15 ქართველი სპორტსმენი (9 კაცი, 6 ქალი) შეეცდება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრიდან იჭიდავებს, სადაც მარკუს აუერსა (ავსტრია) და დანი კლაჩარს (ხორვატია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი ხორვატ რობერტ კლაჩარსა და ესპანელ ხავიერ პენა ინსაუსტის წყვილში გამარჯვებულს, ხოლო გიორგი ჩიხელიძე ბულგარელ დენისლავ ივანოვს დაუპირისპირდება.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილის პირველი მეტოქე ფრანგი ალფა ომარ ჯალოსა და ბერძენი ტეოდოროს დემურციდისის ორთაბრძოლის შემდეგ გაირკვევა.

90 კგ-ში ლაშა ბექაური უნგრელ როლანდ გოზს დაუპირისპირდება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი რუმინელ ვლად ვისანს.

100 კგ-ში ილია სულამანიძე გერმანიის სახელით გამომსვლელ გიორგი უძილაურსა და ბელგიელ თომა ნიკიფოროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

+100 კგ-ში გურამ თუშიშვილის მეტოქე პოლონელ კასპერ შჩუროვსკისა და ავსტრიის სახელით მოასპარეზე მოვლი ბორჩაშვილს შორის გამარჯვებული იქნება, საბა ინანეიშვილი კი ნიდერლანდელ იურ სპიიკერს შეხვდება.

57 კგ-ში წონის პირველი ნომერი ეთერ ლიპარტელიანი იტალიელ ტაუნი კაპანი დიასს შეხვდება, ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ესპანელ მარტა გარსია მარტინს, ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) მოლდაველ დანიელა ტკაჩის, მარიამ ჭანტურია (70 კგ) ბრიტანელ კელი პეტერსენ პოლარდს, ნინო გულბანი (70 კგ) სერბ იოვანა ჩაკარევიჩს, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტეს დაუპირისპირდება.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები 25-27 აპრილს გაიმართება, გუნდური ტურნირი კი 28 აპრილს ჩატარდება.