ვარიკოზი არის ვენების პათოლოგიური გაგანიერება, რომლის დროსაც ვენის კედელი ანატომიურ ფორმას კარგავს და გადაგვარებულია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შემაერთებელი ქსოვილი სუსტად არის გამოხატული, ვენის კედელი განიერდება, ეშვება და დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის. ზიანდება სარქვლოვანი სისტემაც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ნაკადის უკუდინებისთვის.
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეს დაავადება 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცში გვხვდება. როგორც წესი ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს რეკომენდებულია ცურვა, რადგან წყალში სისხლძარღვები ძლიერ არ იტვირთება. გარდა ამისა, არსებობს ზედაპირული ვენების ვარიკოზის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები.
კონსერვატიული მკურნალობა - სასურველია, პაციენტმა ატაროს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან ამ დროს წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს. იყენებენ ასევე ელასტიკურ ბანდს და ელასტიკურ ტრიკოტაჟს .
ქირურგიული მკურნალობა – შორს წასული ვარიკოზული დაავადების დროს, საჭიროა ქირურგიული გზით მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ ტროფიკული წყლულის პროგრესირება.
რამდენად საშიშია ვარიკოზი?
ზედაპირული ვენების გაგანიერება საშიში არ არის და მკურნალობასაც ექვემდებარება. თუმცა, ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება - თრომბოზი, ადამიანს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რადგან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამიტომ ამ დაავადების დროული გამოკვლევა და მკურნალობა მნიშვნელოვანია. ვენების დაავადების პირველი ნიშანი - ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს, ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნებაა. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის და ძილის შემდეგ. თუმცა, ზოგჯერ ვარიკოზს ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება და შედეგად ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი. ხშირად დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება: დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება. თუმცა, თუკი ამის აუცილებლობაა, შეიძლება გამოყენებული იქნას რადიონუკლიდური და რენტგენოკონტრასტული კვლევის მეთოდებიც, რომლის დროსაც შეჰყავთ სისხლძარღვში უვნებელი ნივთიერება და იკვლევენ მის განაწილებას სისხლძარღვებში.