დიდი თეატრის პრიმა ბალერინა ოლგა სმირნოვამ, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე რუსეთი დატოვა და კარიერას ნიდერლანდებში გააგრძელებს, ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის ვებგვერდზეა ნათქვამი. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე “შეუძლებელს ხდის მხატვრულ თანამშრომლობას, ასე მნიშვნელოვანს საცეკვაო სამყაროში”.
“ოლგა სმირნოვა გამორჩეული მოცეკვავეა, რომელსაც მრავალი წელია ვაკვირდები და აღფრთოვანებული ვარ. საოცრებაა ის, რომ ის ჩვენთან ჩამოდის, ნიდერლანდებში. ოლგა სმირნოვას ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტში გაწევრიანების ისტორია, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ შემოგვიერთდა ასეთი შთამაგონებელი მოცეკვავე”, – განაცხადა ჰოლანდიის ეროვნული ბალეტის სამხატვრო დირექტორმა ტედ ბრანდსენმა.
1 მარტს ოლგა სმირნოვამ სოციალურ ქსელში მკვეთრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
“არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ომის წინააღმდეგი ვარ და საქმე ის კი არ არის, რომ უკრაინაში, ალბათ, ყოველ მეორე რუსს ჰყავს ნათესავები ან მეგობრები, რომ ბაბუაჩემი უკრაინელია, მე კი ნაწილობრივ უკრაინელი ვარ, არამედ ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას მე-20 საუკუნეში, თუმცა ნომინალურად გადავედით 21-ე საუკუნეში. თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”, – წერს სმირნოვა და აღნიშნა, რომ მას რცხვენია რუსეთის.
The New York Times აღნიშნავს, რომ სმირნოვა გახდა რუსული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, რომელმაც ქვეყანა დატოვა უკრაინის ომის გამო.