მსახიობი, მწერალი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩემი გოგი ხარაბაძე...ძალიან მეწყინა...თავისი შეუცვლელი ადგილი დაიმკვიდრა...მეხსიერებაში თავისი წარუშლელი სამკვიდრო გაიჩინა და წავიდა...სულების სამყაროში გადაინაცვლა... ნათელში ამყოფოს მისი სული...მშვიდობით... შეხვედრამდე..." - წერს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლადო კახაძე "ფეისბუკში".
გოგი ხარაბაძე დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს.
1963-1994წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში განხორციელებული აქვს როლები: ჯარისკაცი ("ყვარყვარე თუთაბერი" 1959), დათო (ვ. როზოვის "ვახშმობის წინ"), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის "ბრალდება"), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დიტო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადატრიალდება"), ჯიბო (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), ავტორი (ი. ჭავჭავაძის "ჩემო კალამო"), დიდებული ("ჰამლეტი" 1960), ავთო ("მზიანი ღამე" 1966), ტარიელი ("ვეფხისტყაოსანი" 1966), ოიდიპოსი ("ოიდიპოს მეფე" 1976), ჯორჯ კლარენსი ("რიჩარდ მესამე" 1979) და სხვ. განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი ("გიორგობისთვე" 1966), კაზა ჩხეტია ("დათა თუთაშხია" 1978), ნოდარი ("ჩემი მეგობარი ნოდარი" 1967), ჰერცოგი ("დონ კიხოტი" 1989), თენგიზი ("გასერინება ყარაბაღში" 2005) მერაბ სეთურიძე "რაიკომის მდივანი"), მირიან ტაბიძე ("გამოცხადება") და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: "ირინეს ბედნიერება" (აბესალო, 1974), "ოთარაანთ ქვრივი" (გიორგი და სოსია, 1978), "სატელევიზიო ოთხთავი" (1996) და სხვ. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი (1974), "ბედი ქართლისა" (1975), აკაკი წერეთლის მონოლოგი (1979), ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი (1983) და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს "ვეფხისტყაოსანი" (1986), "გალობანი სინანულისანი" (1989). გამოქვეყნებული აქვს წიგნი "თქვენ მომაგონდით" (1989). 1983 წელს დაჯილდოვდა "ხუთწლედის მატიანის" პრემიით.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 409; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ. 78-79; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.153
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1968-)
საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1988-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2017 - ხელოვნების ქურუმი
ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
2012 - პრემია "საგურამო"
1987 - დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
1986 - საქართველოს სახალხო არტისტი
1976 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
ipress.ge