Bloomberg: უკრაინა დასავლეთს კურსკის ოლქის ოპერაციის დეტალებს ბოლო დრომდე არ უზიარებდა
უკრაინა რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე თავდასხმას ფრონტზე თავდაცვით პოზიციებზე ყოფნის პარალელურად ამზადებდა და ბოლო დრომდე დასავლელ პარტნიორებს ოპერაციის დეტალების შესახებ არ აცნობა. ამის შესახებ Bloomberg-ი დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც „ბლუმბერგს“ ანონიმურობის პირობით ესაუბრა, უკრაინა თავდასხმის რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, რომელიც რუსეთს გააკვირვებდა.
დასავლური დაზვერვის ანონიმურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ მოქმედების დაწყბამდე კურსკის ოლქის ოპერაციის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია პარტნიორებს არ გაუზიარა.
„ახლა დასავლეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინული ჯარები რუსეთის ტერიტორიის დაკავებას შეძლებენ“, - წერს Bloomberg-ი.
ამავე დროს, ნატოს წარმომადგენლის თქმით, ოპერაცია მნიშვნელოვანია იმით, რომ აჩვენოს, კიევს კრემლის გამოწვევა შეუძლია.