Loading data...
ჩერნიგოვზე თავდასხმის შემდეგ დმიტრო კულება პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს სთხოვს

რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ცენტრზე ავიაიერიშის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინა საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად ისევე უზრუნველყონ, როგორც ისრაელს დაეხმარნენ ირანის მიერ განხორციელებული შეტევის მოგერიებაში. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩერნიგოვის ცენტრში რუსი ტერორისტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა და ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

„ეს უდანაშაულო ხალხი არ დაიღუპებოდა, ან დაშავდებოდა, თუ უკრაინას საკმარისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ექნებოდა. სამი დღის წინ ახლო აღმოსავლეთში ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოიყურება რაკეტებისგან ადამიანების სიცოცხლის საიმედო დაცვა. უკრაინის პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა, დაგვეხმარონ, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გერმანიას იმისთვის, რომ ქვეყანამ უკვე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უკრაინას დამატებითი „პატრიოტის“ სისტემები მიაწოდოს.