Loading data...
დასავლური დაზვერვა უახლოეს კვირებში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების გაზრდას პროგნოზირებს - CNN

დასავლური დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი მალე უკრაინაზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს გააძლიერებს, რათა ისარგებლოს იმ დროით, რომელიც კიევს აშშ-დან ახლახან მიღებული სამხედრო პაკეტიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მისაღებად დასჭირდება. ინფორმაციას CNN-ი დაზვერვასთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

CNN-ის წყაროების თქმით, უკრაინის დაფინანსების დამტკიცებასა და დახმარების დიდი ნაწილის მიღებას შორის იქნება დრო, რომელიც ფრონტზე  ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის. რუსეთი კი შეეცდება, შექმნილი სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. 

ისინი აღიარებენ, რომ შეერთებული შტატებიდან დახმარების დაგვიანებამ უკრაინულ ძალებს ბრძოლის ველზე ზიანი მიაყენა, როგორც ტერიტორიის, ისე ადამიანების თვალსაზრისით.

CNN-ის ცნობით, დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი გაზრდილი თავდასხმების საფრთხე დაკავშირებულია რუსეთის გეგმებთან, მასშტაბური შეტევა გაზაფხულის დასაწყისში განახორციელოს. მათი აზრით, სწორედ ამას უკავშირდება რუსეთის მხრიდან ნაწილობრივი მობილიზაციის გაგრძელებაც.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა უზარმაზარი რესურსი დახარჯა აღმოსავლეთ ფრონტზე და სამი მთავარი პუნქტისკენ მიიწევს, ესენია: პოკროვსკი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო ჰაბია ავდეევკას დასავლეთით, ჩასივ იარის სტრატეგიული ტერიტორია ბახმუტთან და კურახოვე.