Loading data...
ფრონტზე სიტუაცია გაუარესდა, სასტიკი ბრძოლები გრძელდება - ალექსანდრე სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე მდგომარეობა მართლაც გაუარესდა.

გენერლის თქმით, რუსეთი აქტიურად უტევს ფრონტის ხაზზე.

„ფრონტზე ვითარება გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას მოწინააღმდეგემ თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებით, შექმნა რა ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს“, - აცხადებს სირსკი.

სირსკიმ აღნიშნა, რომ ამ კვირაში მძიმე ბრძოლები გაგრძელდა ფრონტის მთელ ხაზზე.

„სიტუაცია დინამიურად იცვლებოდა - ოკუპანტს გარკვეული მიმართულებით ჰქონდა ტაქტიკური წარმატება, ზოგიერთ რაიონში კი შესაძლებელი იყო უკრაინული ჯარების ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესება“, - აღნიშნა მან.

სირსკის განცხადებით, დაძაბულობა არ ცხრება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, ურთულესი ვითარებაა პოკროვსკისა და კურახოვოს მიმართულებით, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

მისივე თქმით, ოკუპანტმა ამ რაიონებში გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ოპერატიული უპირატესობა ვერ მოიპოვა. 

„სიტუაცია კვლავ დაძაბულია სამხრეთში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში. ნოვოპავლოვსკის რაიონში დამპყრობელი ცდილობს წინსვლას“, - დასძენს მთავარსარდალი.