რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან გაჰყავს, რომ კურსკში გადაისროლოს - WSJ
რუსეთს კურსკის ოლქში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს ამერიკელ თანამდებობის პირებს შორის არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრამ რუსეთის კურსკის ოლქში, რუსული სამხედრო დაჯგუფებების იძულებითი გადაადგილება გამოიწვია.
წყაროები WSJ-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ შტატები ჯერ კიდევ ცდილობს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობის შეფასებას და ამიტომ, არ აკონკრეტებენ, რამდენი ჯარისკაცი გადაჰყავს რუსეთს უკრაინის ფრონტიდან კურსკის მიმართულებით.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ კურსკის ოლქში მოულოდნელმა ოპერაციამ, რუსულ ჯარებს უკრაინისგან ყურადღება გადაატანინა.
როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, სხვისი მიწების დაკავებით დაინტერესებული არ არიან და კურსკში ოპერაცია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფთა დაცვას ემსახურება.