Loading data...
საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთელი აფხაზეთის ბიუჯეტს აღემატება - ბჟანია

„საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთელი აფხაზეთის ბიუჯეტს აღემატება. შესაბამისად, ჩვენ რუსეთის ფედერაციის დახმარება გვჭირდება“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბჟანიამ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას უპასუხა, რომლებმაც დე ფაქტო ლიდერი მისი სიტყვებისთვის გააკრიტიკეს. კერძოდ, ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთმა თავისი სუვერენიტეტის ნაწილი მოსკოვს უნდა დაუთმოს.

„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი ომი გვქონდეს, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სისუსტით მოწინააღმდეგის პროვოცირება, რომელიც ჩვენთან დღეს საომარ მდგომარეობაში იმყოფება. საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები არ გააუქმებია. თუ ეს ჩვენს ზოგიერთ მოქალაქეს დაავიწყდა, არა უშავს. მაგრამ პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს უნდა ესმოდეთ, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის რაღაცა დაპირისპირების შექმნას ცდილობენ. იციან თუ არა ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთელი აფხაზეთის ბიუჯეტს აღემატება? და ის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ სხვა ამოცანა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გარდა. ეს არის საშიში თამაში, საშიში პოლიტიკური თამაში, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ეწევიან“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ბჟანია ამბობს, რომ მისი პოზიცია გამართლებულია და ის აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება.

ასლან ბჟანიამ 2022 წელის აგვისტოს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან მიერთებისთვის მზად არის. ამ აზრს ოკუპირებულია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც მხარი დაუჭირა.