Loading data...
ვოლჩანსკში ყველა ქუჩა ცეცხლის ალშია, დაბომბვა არ წყდება - CNN

ხარკოვის ოლქის სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკში, როგორც ჩანს, ყველა ქუჩა ცეცხლის ალშია. დაბომბვა არ წყდება, რუსული ჯარები თანდათან წინ მიიწევენ, - ამის შესახებ CNN წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ქალაქის მოსახლეობა ოკუპაციას უკვე 2022 წელს გადაურჩა, მაგრამ ახლა ვოლჩანსკი ისევ რუსეთის სამიზნე გახდა. პარასკევს, 10 მაისს, მოსკოვმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ოპერაცია, გადაკვეთა უკრაინის ჩრდილოეთი საზღვარი და დაიწყო შეტევა ხარკოვზე. 

„რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ თავდასხმის შედეგად ათამდე სოფელი დარჩა მათი კონტროლის ქვეშ. შედეგად კიევი იძულებულია ძალები გადაიყვანოს სხვა ფრონტის ხაზებიდან, სადაც რუსეთი პროგრესირებს“, - წერს გაზეთი.

მედიის ცნობით, ვოლჩანსკში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჰაერში ცეცხლმოკიდებული სახლების სუნი ტრიალებს, კვამლი აბნელებს მზის შუქს - ეს არის საარტილერიო დაბომბვის შედეგები, რომელიც დღედაღამ არ წყდება.