Loading data...
ზელენსკი: რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე ახლა დასავლეთ უკრაინაში გაზის ინფრასტრუქტურაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დასავლეთ უკრაინაში დარტყმის სამიზნედ გაზის ინფრასტრუქტურა აირჩია.

მან Telegram-ში დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან. ზელენსკი მას ხარკოვში არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრა, კერძოდ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მწვავე საჭიროების თაობაზე, რათა ხარკოვი და სხვა რეგიონები დაიცვას.

„რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი სამიზნე ახლა დასავლეთ უკრაინაში გაზის ინფრასტრუქტურაა. რუსეთის წარმატება იქ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავუმკლავდეთ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა პოლონეთთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა შეთანხმების ტექსტზე მუშაობენ, რომელიც ამბიციური უნდა იყოს.

„გუნდებს ასევე დაევალათ დაუყოვნებლივ დაეწყოთ მუშაობა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ტექსტზე. ისტორიულ პარტნიორებს შორის ის მაქსიმალურად ამბიციური უნდა იყოს“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.