Loading data...
ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არ გამორიცხა, რომ სომხეთმა, შესაძლოა, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი მიიღოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„პოტენციურად სომხეთი,. შესაძლოა, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდეს. საქართველოს ჩვენ ბუნებრივ აირს საკმაოდ საშეღავათო ფასად ვაწვდით. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ახლოს მდებარეობს სომხეთი, ინფრასტრუქტურის მხრივ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის თანამშრომლობა ძალზე ბუნებრივი იქნებოდა“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ზანგეზურის დერეფანი შეიძლება იყოს არა მარტო საავტომობილო ან სარკინიგზო მაგისტრალი, არამედ იქ შეიძლება გაზსადენიც არსებობდეს.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანს აქვს შეთანხმება ირანთან ნახიჩევანის ავტონომიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. ასევე ბაქო აფინანსებს გაზსადენს, რომლითაც ბუნებრივი აირი თურქეთიდან ნახიჩევანის ავტონომიას მიეწოდება.

„ეს იგივეა, რომ მარჯვენა ხელით მარცხენა ყურს შეეხო. თუ გაზსადენი სომხეთის ტერიტორიით გაივლის, ეს ყველასთვის იქნება მომგებიანი და ბევრი თანხის დაზოგვის შესაძლებლობას მოგცემს“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის ამ განცხადებას სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი გამოეხმაურა.

„მე ამ განცხადებას დადებითად ვაფასებ, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ. ეს კარგი ვარიანტია, რომ სომხეთს შესაძლებლობა ჰქონდეს ბუნებრივი აირი არ მარტო ირანში, არამედ აზერბაიჯანშიც შეიძინოს“, - განაცხადა სიმონიანმა.