Loading data...
აშშ უახლოეს მომავალში, ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს - ჯეიკ სალივანი

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების დაწესება უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი, ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად, კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის, „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან.

შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი სარაკეტო და უპილოტო პროგრამის ჩათვლით, ასევე ახალი სანქციები დაწესდება ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ“, - განაცხადა სალივანმა.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ირანმა ისრაელი სირიის დედაქალაქში მათ საკონსულოზე მომხდარ ავიაიერიშში დაადანაშაულა, 13 აპრილის ღამეს კი ირანმა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ისრაელს შეუტია. შეტევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.