Loading data...
ბორელი: ისრაელზე ავიაიერიშის გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაფართოვდეს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საჭიროა ისრაელზე ირანის უპრეცედენტო ავიაიერიშის გამო სანქციების სისტემა გაუმჯობესების მიზნით გადაიხედოს. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

„ჩვენ მოგვიწევს სანქციების სისტემის გადახედვა, რათა ის გავაფართოოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ“, - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს კუნძულ კაპრიზე, სადაც G7-ის ქვეყნების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, 2023 წლის ივლისიდან ევროპული ფირმების მიერ ირანში ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა „იმ კომპონენტებზე, რომლებიც ამ ტიპის იარაღის წარმოების საშუალებას იძლევა“.

„ჩვენ ამ შეზღუდვებს გავზრდით. მთავარია ჩვენი გადაწყვეტილების შესრულება“, - აღნიშნა ბორელმა. 

ჯოზეფ ბორელი ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „რეგიონი ომის ზღვარზეა“.

შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის მთავარმა მოკავშირემ, განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამაზე ახალ სანქციებს მალე დააწესებს და მოკავშირეებისგან მსგავსი ზომების მიღებას ელის. 

შეგახსენებთ, 13 -14 აპრილს, ღამით ირანმა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ისრაელს შეუტია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს.

ირანი ისრაელზე ავიაიერიშს დამასკოში მის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხო რეაქციას უწოდებს.