Loading data...
დონალდ ტუსკი: დანია და პოლონეთი გამორიცხავენ სხვა სცენარს, გარდა იმისა, რომ უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი ქვეყნები უკრაინის აქტიურ დახმარებას გეგმავენ და არ დაუშვებენ სხვა სცენარებს, გარდა იმისა, რომ უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩეს. ამის შესახებ eurointegration.com.ua პოლონურ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

ტუსკმა თქვა, რომ მას და ფრედერიქსენს ევროპის უსაფრთხოებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები აქვთ.

„უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანი, მკაფიო და პატიოსანი პოზიციისთვის ჩვენ ახლაც და მომავალშიც ვითანამშრომლებთ. ჩვენ ვიქნებით მათ შორის, ვინც უკრაინას დაეხმარება და სხვებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. დანია და პოლონეთი გამორიცხავენ ნებისმიერ სხვა სცენარს, გარდა იმისა, რომ უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.