Loading data...
დონალდ ტუსკი კურსკის შესახებ: უკრაინის ქმედებები თავდაცვითი მოქმედებებია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში არის მისი საერთაშორისოდ აღიარებული თავდაცვის უფლების განხორციელება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის კომენტირებისას ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინის ქმედებები თავდაცვითი ქმედებებია“.

„ის, რასაც რუსული ჯარები და რუსული ავიაცია აკეთებენ უკრაინის ტერიტორიაზე არის გენოციდი. უკრაინას აქვს სრული უფლება, აწარმოოს ომი ისე, რომ ყველაზე ეფექტურად გაანადგუროს რუსეთი მის აგრესიულ ზრახვებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავდაცვით ომში“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინის ჯარების ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის კონტროლის ქვეშ უკვე 74 დასახლებაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა მიმართულებით 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.