Loading data...
ჯოზეფ ბორელი: ევროპამ უკრაინას საკუთარი არსენალიდან „პეტრიოტები“ და თავდაცვის სხვა აღჭურვილობა უნდა გადასცეს

გადაწყვეტილების მიღებისას უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი არ შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ შეერთებულ შტატებს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიაწოდოს ეს სისტემები უკრაინას საკუთარი არსენალებიდან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა იტალიაში, G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მათ აქვთ ეს სისტემები. ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევწყვიტოთ საუბარი - „შეერთებულმა შტატებმა რაღაც უნდა გააკეთოს...“.  გვაქვს „პეტრიოტები“, სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები. ისინი უნდა გამოვიტანოთ ჩვენი საწყობებიდან, სადაც არიან „ყოველ შემთხვევისთვის“ და გადავიტანოთ უკრაინაში, სადაც ომი მძვინვარებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ბორელმა.

მან სინანული გამოთქვა, რომ საშინაო პოლიტიკამ აშშ-ში გამოიწვია უკრაინისთვის დახმარების გაწევის შეფერხება.

„არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რას აკეთებს აშშ და რას არა. არ ვარ პასუხისმგებელი აშშ-ის პოლიტიკაზე, მე ვარ პასუხისმგებელი ევროპულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.