Loading data...
კანადის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის ფორმატი“) შეხვედრაზე განაცხადა, რომ დრონების წარმოებისთვის უკრაინას 3 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას კანადის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კანადა უკრაინაში სამხედრო დრონების წარმოებაში წვლილს შეიტანს და ეს დახმარება გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით განხორციელდება.

მინისტრმა ბლერმა ასევე დაადასტურა, რომ კანადა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში დამატებით 13 მილიონ დოლარს გამოყოფს, რათა უკრაინისთვის დიდი კალიბრის საბრძოლო მასალა შეიძინონ.

„ეს კონტრიბუცია გასულ თვეს გამოცხადებულ 40 მილიონ აშშ დოლარს ემატება. ჩეხეთის ინიციატივაში კანადის მთლიანი წვლილი 53 მილიონ დოლარს აჭარბებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბლერმა ასევე აღნიშნა, რომ კანადა უკრაინას 900 SkyRanger-ის ტიპის დრონს გადასცემს, რომელთა მიწოდება მაისში დაიწყება.