Loading data...
კირბი: ბაიდენი არ მიიჩნევს, რომ ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე უნდა გადაიზარდოს უფრო ფართო ომში, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჯონ კირბის ჰკითხეს, არის თუ არა მოსალოდნელი შემდგომი ესკალაცია.

„პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით სვლა საჭიროა“, - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ ბაიდენი მუშაობს დიპლომატიური კუთხით და ამ მიზნით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა მოიწვია.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.

ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანამ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა აღკვეთა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% მოიგერია.