Loading data...
„კროკუსის“ ტერაქტის საქმეზე რუსეთში კიდევ ერთი პირი დააკავეს

„კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის გამოძიების ფარგლებში რუსეთში კიდევ ერთი პირი დააკავეს. როგორც TASS ტვერის რაიონული სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, დაკავებულმა მამაკაცმა ტერაქტში ბრალდებულები ფიქტიურად დაარეგისტრირა საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე.

არსებული ცნობით, ტვერის სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე მამაკაცის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული. როგორც გაირკვა, მის სახლში ფიქტიურად იყვნენ რეგისტრირებული ა. ისლამოვი, და დ. ისლამოვი, რომლებსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ეკისრებათ საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ ტერორისტული თავდასხმის ჩადენისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

რუსული მედიის ცნობით, დაკავებულს ტაჯიკეთისა და რუსეთის მოქალაქის მოქმედი პასპორტები აქვს. 

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავდამსხმელებს უკრაინა უჭერდა მხარს.

ტერაქტს 144 ადამიანი ემსხვერპლა.