მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევამდე 72 საათით ადრე ვაცნობეთ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანი აცხადებს, რომ რეგიონში მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციების შესახებ 72 საათით ადრე შეატყობინა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს განუცხადა, რომ ოპერაცია ლეგიტიმური თავდაცვის სახით განხორციელდებოდა.
„ჩვენს ოპერაციებამდე დაახლოებით 72 საათით ადრე ვაცნობეთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს რეგიონში, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის პასუხი იყო მკაფიო, ლეგიტიმური და შეუქცევადი“, - განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.
ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანამ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა აღკვეთა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% მოიგერია.