Loading data...
„მომავლის ტანკი“ - საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები ახალი თაობის საბრძოლო ტანკების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

გერმანიისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ერთობლივად შექმნან ახალი ტანკი, რომელიც მათი სახმელეთო თავდაცვის ცენტრალური საყრდენი გახდება.

პარასკევს საფრანგეთში ვიზიტის დროს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ახალი თაობის ტანკის, მთავარი სახმელეთო საბრძოლო სისტემის (MGCS) შემუშავებაზე.

იგი გერმანული საბრძოლო ტანკის „Leopard 2“-ისა და ფრანგული „Leclerc“-ის ჩანაცვლებისთვის არის გამიზნული.

პისტორიუსმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა.

ორივე მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც „ლეოპარდ 2“-ის ახალი მოდელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საბრძოლო მანქანაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტანკს ექნება ხელოვნური ინტელექტი და გარკვეული ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც არ საჭიროებენ „ადამიანის პილოტირებას“.

მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ მწარმოებლებისთვის კონტრაქტების განაწილება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.

მომავალი თაობის ტანკის შექმნა, სავარაუდოდ, 2040 წლისთვის დასრულდება.