Loading data...
მოსკოვში, „კროკუსზე“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსეთში, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

გამოძიების მტკიცებით, დაკავებული თავდასხმის მონაწილეების დაფინანსების სქემაში იყო ჩართული.

„გამოძიება მიმართავს სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სახით“, - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში. 

ტერაქტის მეორე დღეს, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის FSB-ის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა შეატყობინა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს 11 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, მათ შორის 4 ტერორისტი იყო. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 11 პირია დაკავებული.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავდამსხმელებს უკრაინა უჭერდა მხარს. 

28 მარტის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 143-ს შეადგენს.