Loading data...
ოჩერეტინოს დაკარგვა უკრაინულ ძალებს მთელი თავდაცვითი ხაზის ჩამოშლით ემუქრება

დონეცკის ოლქის სოფელ ოჩერეტინოს დაკარგვის გამო უკრაინულ ძალებს პოკროვსკის მიმართულებაზე მთელი თავდაცვითი ხაზის ჩამოშლა ემუქრებათ. ამის შესახებ BBC იუწყება.

ეს სოფელი ავდეევკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ახლა უკრაინული სამხედრო მეთაურობა ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ არის ამ დასახლების დაკარგვაში დამნაშავე და სიტუაციის გამოსწორებას შეეცდება.

რუსეთმა ამ მიმართულებაზე 55-ე მოტომსროლელი ბრიგადა გამოიყენა. უკრაინამ პოზიციებზე 47-ე მექანიზებული ბრიგადა დააბრუნა, ხოლო მე-100 ბრიგადამ კონტრშეტევის ბრძანება მიიღო.

ოჩერეტინოზე გადის გზა Т0511, რომელიც პოკროვსკს უერთდება, ეს ქალაქი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსული ძალების შემდეგი სამიზნე გახდება.

ოჩერეტინოს დაკარგვა იმითაც არის საშიში, რომ ეს სოფელი ბოლშაია ნოვოსიოლოვკა - კონსტანტინოვკის გზიდან სულ რაღაცა 15 კმ-ში მდებარეობს.

რაც შეეხება რუსული მხარის პრობლემას, ის იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეტაპზე მან მცირე დერეფანი დაიკავა, რომელიც მუდმივი ცეცხლის ქვეშ არის და მის გაფართოებას ვერ ახერხებს.

ამასთანავე, რუსულ ძალებს ჯერ კიდევ ჰყავთ მნიშვნელოვანი რეზერვები, მათ შორის სატანკო ნაწილები და ის ოჩერეტინოსთან მიღწეული წარმატების გაზრდას შეეცდება. რაც შეეხება ავდეევკის მიმართულებაზე სხვა დასახლებებს, იქ რუსულმა ძალებმა ვერანაირ წარმატებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.