Loading data...
პოლონეთი მზადაა, უკრაინას სამხედრო ასაკის მამაკაცი მოქალაქეების დაბრუნებაში დაეხმაროს - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთი მზადაა, უკრაინას სამხედრო ასაკის მამაკაცი მოქალაქეების დაბრუნებაში დაეხმაროს, რათა მათ რუსეთის წინააღმდეგ ომში თავიანთი ქვეყანა დაიცვან. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

Reuters-ის ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა წესები, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეყნის შიგნით და არა უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ.

შედეგად, საზღვარგარეთ მცხოვრები 18-დან 59 წლამდე მამაკაცები ვეღარ შეძლებენ თავიანთი პასპორტების განახლებას, ან ახლის აღებას.

პოლონეთმა მანამდეც შესთავაზა უკრაინას დახმარება, რათა ის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სამსახურს ექვემდებარებიან, თავიანთ ქვეყანაში სამოქალაქო ვალდებულების შესასრულებლად დაბრუნდნენ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა Polsat News-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

„ვფიქრობ, ბევრი პოლონელი აღშფოთებულია, როდესაც ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს სასტუმროებსა და კაფეებში ხედავენ. მათ ესმით, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო უკრაინის დასახმარებლად“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა, თუმცა დახმარების დეტალებზე არ უსაუბრია.

ევროსტატის მონაცემთა ბაზის თანახმად, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით დაახლოებით 4,3 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყნებში , მათგან დაახლოებით 860 000 ზრდასრული მამაკაცია. პოლონეთმა დროებითი დაცვის სტატუსი 950 000 უკრაინელს მიანიჭა, რაც გერმანიის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი მაჩვენებელია.