Loading data...
რუსეთი ცდილობს, რომ მოსახლეობას ხარკოვის დატოვება აიძულოს - Bloomberg

რუსეთი ცდილობს აიძულოს მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ მან უკრაინის ქალაქი ხარკოვი დატოვოს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება.

სწორედ ამით ხსნიან გამოცემის ანალიტიკოსები ქალაქზე სარაკეტო და საარტილერიო შეტევებს, რაც ბოლო კვირებში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. ნადგურდება ქალაქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სახელის ნანგრევებად არის ქცეული.

ხარკოვის მოსახლეობა ომამდე 1,5 მლნ ადამიანს შეადგენდა. ის 2022 წლის შემდეგ რეგულარული შეტევების სამიზნე ხდებოდა, მაგრამ ახლა რუსული მხარე კოორდინირებულ ძალისხმევას ახორციელებს, რომ ქალაქი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადოს.

„ხარკოვზე იერიშები არის რუსული შეტევების ძირითადი მიზანი, ის უკრაინული საარტილერიო მარაგების შემცირებას და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესუსტებას, ასევე ცოცხალი ძალის ნაკლებობას იყენებს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ქალაქში საცხოვრებელი პირობები სულ უფრო სახიფათო ხდება. დაზიანებები ძალზე დიდია და შეტევები არ წყდება. შესაბამისად, ხელისუფლებას მომდევნო წლის ზამთრამდე ქალაქის ფუნქციონირების აღდგენა გაუჭირდება, თუ მშვიდობიანი მოსახლეობა იქ საერთოდ დარჩება“, - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

იმის გამო, რომ რუსულ მხარეს ქალაქის ასაღებად საკმარისი ძალა არ აქვს, ის ახალ ტაქტიკას მიმართავს და პანიკური განწყობების შექმნას ცდილობს. თანაც ბოლო თვეებში უკრაინამ ამ მიმართულებაზე თავდაცვითი ნაგებობები მნიშვნელოვნად გააძლიერა.