Loading data...
საბერძნეთის პრემიერი: ჩვენ უკრაინას F-16-ებს არ მივცემთ, საბერძნეთი ისტორიის სწორ მხარესაა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანას ძველი F-16 გამანადგურებლებით კიევის მხარდაჭერა შეუძლია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

მისი თქმით, საბერძნეთს F-16-ები თავდაცვისთვის სჭირდება, ამიტომ უკრაინას მათ არ გადასცემენ.

როგორც მიცოტაკისმა პოლონურ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ისტორიის სწორ მხარეს დგას, ის რუსეთის აგრესიას გმობს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარს უჭერს. 

„მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ არ ვართ მზად, უკრაინას F-16 თვითმფრინავები მივაწოდოთ. ასეთი ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, მაგრამ ის რეალობას არ შეესაბამება. საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ პატივს სცემს, არამედ იცავს საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს და ის ყოველთვის იყო ისტორიის სწორ მხარეს. ასეა ახლაც, როცა უკრაინა რუსეთის სასტიკი შეჭრისგან თავს იცავს. ჩვენ კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით რუსეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, მაგრამ კრემლის რეჟიმს მკაცრად ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

საბერძნეთის პრემიერის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს ვილნიუსში შეხვედრისას აღუთქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„მას პირობა მივეცი, რომ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, თავდაცვის საშუალებების დათმობის გარეშე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენც მსოფლიოს რთულ ნაწილში ვცხოვრობთ“, - აღნიშნა მიცოტაკისმა.