Loading data...
საბერძნეთში ჟურნალისტებმა, დაბალი ხელფასების გამო, 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს

საბერძნეთის უმსხვილესმა ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, „ათენის ყოველდღიური გაზეთების ჟურნალისტთა კავშირმა“ (ESIEA), მედიის ყველა სექტორში 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა. ჟურნალისტები მასობრივი გამოსვლებით ქვეყანაში მომატებული ხარჯების ფონზე დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

რადიომ და ტელევიზიამ არ გაავრცელა სიახლეები და საინფორმაციო სააგენტოებმა  ვებგვერდები არ განაახლეს. გაფიცვა დღეს დილის 5 საათიდან დაიწყო და მომდევნო დღის 5 საათამდე გაგრძელდება.

„ათენის ყოველდღიური გაზეთების ჟურნალისტთა კავშირის“ განცხადებით, ისინი „ანარქიულ შრომით პირობებსა და ძალიან დაბალ ხელფასებს“ ეწინააღმდეგებიან.

მათი თქმით, კერძო სექტორის დამსაქმებლების მიერ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებაზე უარის თქმამ დასაქმებულთათვის უმნიშვნელო ხელფასების გადახდა გამოიწვია. 

როგორც ჟურნალისტთა კავშირმა განაცხადა, დაბალმა ანაზღაურებამ სანდო და თავისუფალი ინფორმაციის არსებობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, რაც მედიის „დემოკრატიული ფუნქციონირების ქვაკუთხედია“. 

ათენის ყოველკვირეული გაზეთის, To Vima-ს გამოთვლებით, ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასებმა დაახლოებით 37%-ით მოიმატა. 

„არამარტო მედიის მუშაკები, არამედ მთელი ბერძნული საზოგადოება განიცდის ფასების ასეთ მატებას. ეს ოჯახებისთვის მტკივნეულია, ისინი ხედავენ, რომ მათი შემოსავლები და რესურსები პრაქტიკულად განადგურებულია“, - აცხადებენ ჟურნალისტთა კავშირში.