Loading data...
„საშიშროება იმაზე დიდია, ვიდრე ხალხს ჰგონია“ - სიკორსკიმ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის რისკზე ისაუბრა

რუსეთის თავდასხმა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებზე ძალიან სავარაუდო სცენარია. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

„თუკი მსოფლიოს ვარშავადან შევხედავთ, 200 კილომეტრით ჩრდილოეთით რუსული ანკლავი კალინინგრადი მდებარეობს. იქ არის 100 ატომური ბომბი, რუსები მათ იქ ინახავენ. მეტიც, ბელარუსი ახლოსაა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირზე თავდასხმა აბსოლუტურად შესაძლებელია“, - განაცხადა მან.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ დროდადრო რუსები პოლონეთის საჰაერო სივრცეს არღვევენ, როცა რაკეტებს უკრაინაზე თავდასხმისთვის უშვებენ.

„ზოგჯერ ისინი შემთხვევით დაფრინავენ ჩვენს საჰაერო სივრცეში. თუნდაც პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, რომელიც აქედან [ბერლინიდან] 250 კილომეტრშია. ეს ძალიან ახლოსაა და საშიშროება იმაზე დიდია, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.