Loading data...
სიდნეიში დაჭრილი ეპისკოპოსი საავადმყოფოდან მრევლს მიმართავს - „ქრისტე შურისძიებას არ ქადაგებდა“

ეპისკოპოსი მარ მარი ემანუელი, რომელიც 15 აპრილს, სიდნეის ერთ-ერთ ეკლესიაში ქადაგებისას კიდევ ერთ სასულიერო პირთან, მეუფე ისააკ როიელთან ერთად დაჭრეს, საავადმყოფოდან მრევლისადმი პირველი მიმართვას ავრცელებს. როგორც CNN წერს, ეპისკოპოსის მიმართვა იმავე გვერდზე გამოქვეყნდა, რომელზეც მისი ქადაგების ტრანსლირება მიმდინარეობდა იმ მომენტში, როდესაც დანით შეიარაღებულმა პირმა ის დაჭრა.

„უფალ იესოს არასდროს უთქვამს, გარეთ გადით და ქუჩაში იბრძოლეთო. ის არა შურისძიებისკენ, არამედ ლოცვისკენ მოგვიწოდებდა“, - ნათქვამია ეპისკოპოსის მიმართვაში. 

როგორც დასავლურ მედიაში იწერება, ეკლესიაში მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და საზოგადოება შურისძიების მოწოდებებით შეიკრიბა.

„ისინი აგურებს და ბოთლებს ისროდნენ პოლიციის წინააღმდეგ, რომელსაც თავდამსხმელი, მისივე უსაფრთხოების მიზნით, დროებით ეკლესიის შიგნით ჰყავდა ჩაკეტილი. მედიაში აგრეთვე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლური ასურული ეკლესიის მრევლის ნაწილმა თავდამსხმელს თითები მოაჭრა. სამართალდამცველებმა ამაზე განაცხადეს, რომ დაკავებულს ხელზე „მძიმე დაზიანებები“ ჰქონდა მიყენებული“, - წერს 1news.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, თავდასხმა მოხდა სიდნეის სავაჭრო ცენტრში, სადაც შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რის შემდეგაც, პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

ამ თავდასხმებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - საზოგადოებაში იყო სპეკულაციები დამნაშავეთა წარმომავლობის, მათი რელიგიისა და თავდასხმის მოტივების შესახებ.

„ნარატივი, რომ თავდამსხმელი ან მუსლიმია, ან ებრაელი, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე სხვა არაფრის მომტანია, თუ არა იმის, რომ პოლარიზაცია გამწვავდეს“, - განუცხადა CNN-ს კატარის ჰამად ბინ ხალიფას ასოცირებულმა პროფესორმა, მარკ ოუენ ჯონსმა.

ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 16 წლის მოზარდია დაკავებული. ამ ეტაპზე, პოლიცია დანაშაულის მოტივს იძიებს.