Loading data...
სირცხვილი მსოფლიოსთვის! - ზელენსკი აშშ-ის მიერ ისრაელის დახმარების განხილვაზე, რომელიც შესაძლოა, უკრაინას გამორიცხავდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ სირცხვილია, თუ აშშ-ის კონგრესი ისრაელისთვის დახმარებას უკრაინის გარეშე განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა PBS NewsHour-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„უცნაურია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სუფთად პოლიტიკური საკითხია. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მსოფლიოსთვის, დემოკრატიისთვის და ყველასთვის, ვინც მხოლოდ დემოკრატიაზე საუბრობს, სირცხვილია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტის თქმით, თუ კონგრესში ისრაელისა და უკრაინის დახმარების საკითხი გაიყოფა, ეს იმის დასტური იქნება, რომ შეერთებული შტატები არჩევანს აკეთებს.

„ეს უბრალოდ სუფთა პოლიტიკაა. როდესაც მთელი მსოფლიო ამბობს: როგორ შეძლო ირანმა, ისრაელისთვის დაერტყა, ჩვენ ახლა ისრაელს უნდა დავეხმაროთ და დავივიწყოთ ის, რაც უკრაინაში ხდება. ეს სუფთა პოლიტიკაა. ეს ნიშნავს, რომ არავის აინტერესებს, ყოველდღიურად რამდენი ადამიანი კვდება უკრაინაში. ისინი მხოლოდ თავიანთ რეიტინგებზე ზრუნავენ. მათ უბრალოდ ავიწყდებათ, რომ მკვდრებს რეიტინგი არ აქვთ და, თუ უკრაინა ომს წააგებს და ნატოს სხვა ქვეყნებშიც დაიწყება ომი, ეს ასეც იქნება, მაშინ ამერიკელი ჯარისკაცები დასაცავად გამოვლენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, დაამტკიცოს დახმარება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთა სიცოცხლეც ამ დახმარებაზეა დამოკიდებული. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა არ შეიცვლება.

„იმედი მაქვს, შეერთებული შტატები დახმარებას არ შეწყვეტს და ჩვენ მოკავშირე სახელმწიფოები ვიქნებით. თუ აშშ-ის პრეზიდენტი შეიცვლება, ეს ამერიკელების არჩევანია, მაგრამ, თუ ის შეიცვლება, იმედი მაქვს, პრეზიდენტის პოლიტიკა არ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.