Loading data...
სტოლტენბერგი: ნატოს ქვეყნები მზად არიან, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები მიაწოდონ

ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები გაგზავნონ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს  ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების კრიტიკული საჭიროების შესახებ ესაუბრა.

„ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, უკრაინის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყონ, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ნატომ დაადგინა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ალიანსს. გვაქვს სისტემები, რომლებიც შეიძლება, უკრაინას გადაეცეს. ამიტომ, ძალიან მალე საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე ახალ განცხადებებს ველოდები“, - თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი მიესალმა გერმანიის ძალისხმევას, მათ შორის ბოლო გადაწყვეტილებას, უკრაინას დამატებითი „პატრიოტის“ სისტემები მიაწოდოს. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, „პატრიოტების“ გარდა, არსებობს სხვა სისტემები, რომელთა მოწოდებაც ალიანსის წევრებს შეუძლიათ.