„თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია“ - თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს განუცხადა, რომ თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია.
დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დასრულდა და ირანი ახალ ოპერაციას არ განახორციელებს, თუ მასზე თავდასხმა არ მოხდება.
ამირ-აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ თუ ირანს ხელახლა დაესხმებიან თავს, მათი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გუშინ იყო.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.
ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანამ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა აღკვეთა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული 300-ზე მეტი დრონისა და რაკეტის 99% მოიგერია.