უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან მოგების პირველ ნაწილს რამდენიმე კვირაში მიიღებს - ევროკომისია
უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მოგების პირველ ნაწილს უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მოგების პირველი ნაწილი უკრაინას მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაეცეს“, - განაცხადა ვიგანდმა.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინა დაახლოებით 15 მილიარდ ევროს (16,24 მილიარდ დოლარს) მიიღებს. სესხი, თავის მხრივ, რუსული აქტივების მომავალი შემოსავლებიდან დაიფარება.
გაყინული რუსული აქტივები
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დასავლეთმა რუსეთის აქტივები დაბლოკა. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდ დოლარზე, თუმცა ზუსტი თანხა არ არის ცნობილი. უკრაინამ დაჟინებით მოითხოვა, რომ თანხა კომპენსაციის სახით მისთვის გადაეცათ.
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, გაყინული აქტივები შესაძლოა უკრაინისთვის სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ.
ასევე, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებიდან 1,4 მილიარდ ევროს გამოყოფს.