Loading data...
უკრაინისთვის „პატრიოტების“ მიცემა უფრო იაფია, ვიდრე მსგავსი ობიექტების აღდგენა - ბორელი ტრიპილსკას თბოელექტროსადგურის განადგურებაზე

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა Le monde-სთან ინტერვიუში შეაფასა, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ განადგურებული ტრიპილსკას თბოელექტროსადგურის აღდგენისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ კიევს მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმებისგან მსგავსი ობიექტების დასაცავად რაკეტები აღარ აქვს. 

ბორელის აზრით, კიევისთვის „პატრიოტის“ სისტემების მიცემა უფრო იაფია, ვიდრე მოგვიანებით ელექტროსადგურების აღდგენა.

„სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ, ჩვენ მისი დანგრევა უნდა ავიცილოთ თავიდან. უფრო იაფია „პატრიოტის“ სისტემების ყიდვა, ვიდრე ელექტროსადგურების აღდგენა, რომლებიც რუსების სამიზნე გახდა“, - აღნიშნა ბორელმა. 

ბორელი მიიჩნევს, რომ ერთი წლის შემდეგ ამაზე ფიქრი შესაძლოა, დაგვიანებული იყოს. იგი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კიევის დასახმარებლად მეტის გაკეთება შეუძლიათ.

მისი თქმით, საფრანგეთის, გერმანიის, ან ევროკავშირის სხვა ქვეყნის ძალისხმევის შედარებას აზრი არ აქვს. მნიშვნელოვანია, საერთო პოზიცია გამოიკვეთოს.

„ჩემი როლი ის კი არ არის, თითი გავიშვირო რომელიმე ქვეყნისკენ, არამედ ის არის, რომ საერთო პოზიცია შევიმუშაოთ. ჩემთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დიპლომატმა.