Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა - Unian

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ზელენსკის Telegram განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიაში შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების მდგომარეობა, ასევე, მიმდინარე საჭიროებები უკრაინის ენერგეტიკაზე რუსული თავდასხმებისა და ფრონტის გასწვრივ აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის მოლოდინებზე პირველი სამშვიდობო სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, ასევე, განვიხილეთ უკრაინულ და გერმანულ ქალაქებსა და თემებს შორის პარტნიორობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის აღდგენის შესახებ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს ზელენსკიმ ცალკე აღნიშნა, რომ გერმანიამ დროებითი დაცვა მილიონზე მეტი უკრაინელისთვის უზრუნველყო, რაც ევროპულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის საერთო ევროპულ ხელმძღვანელობას და უკრაინისთვის გაწეულ მთელ დახმარებას. უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიმედოვნებთ კონკრეტულ შეთანხმებებსა და შედეგებს ეკონომიკური განვითარებისთვის, უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და რუსული აგრესიით გამოწვეული მასშტაბური ნგრევის შედეგების აღმოფხვრისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა გერმანიის მონაწილეობა რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციაში.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩერნიგოვის ოლქის აღდგენის საკითხს.

შეგახსენებთ, უკრაინის აღდგენის კონფერენცია 11-12 ივნისს ბერლინში იმართება.