Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი „მშვიდობის სამიტზე“ დასასწრებად შვეიცარიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში ჩავიდა. 

„ჩამოვედი შვეიცარიაში „გლობალურ მშვიდობის“ სამიტზე დასასწრებად. ორი დღეა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან, სხვადასხვა ხალხთან, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ - უკრაინა სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას დაუახლოვდეს. 

მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველასთვის: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების და ყველა დეპორტირებული პირის, განსაკუთრებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების, დაბრუნება“, -  აცხადებს ზელენსკი. 

მისივე თქმით, სამიტში 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციისთვის, შვეიცარიაში 15-16 ივნისს „მშვიდობის გლობალური სამიტი“ გაიმართება. 

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე იქნება წარმოდგენილი.