Loading data...
WSJ: აშშ-ის მხრიდან ისრაელის ცის დაცვა უკრაინელებში ბრაზს იწვევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ისრაელზე ირანის მასიური თავდასხმისას სწრაფად მიიღეს ზომები, რადგან ამან გამოკვეთა დასავლეთის მხრიდან კიევის მხარდაჭერის საზღვრები. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს

როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის მხრიდან ისრაელის ცის დაცვა უკრაინელებში შურს და ბრაზს იწვევს.

WSJ აღნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინაზე ყოველდღიურად მიაქვს ისეთი შეტევები, როგორიც გასულ უქმეებზე ირანმა ისრაელს მიაყენა. 

გამოცემას მოჰყავს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ჰერბსტი სიტყვები, რომელიც აღნიშნავს, რომ ამერიკულმა, ბრიტანულმა და ფრანგულმა ძალებმა, 13 აპრილს ირანული რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს ისე, რომ თავიდან აირიდეს ირანულ ძალებთან ნებისმიერი სახის ურთიერთქმედება, რასაც შეიძლება, ახალი კონფლიქტი გამოეწვია. 

„ამერიკული გაუბედაობის გარდა, ვერაფერი ხსნის იმას, თუ რატომ არ ვაკეთებთ იმავეს უკრაინასთან მიმართებით“, - ამბობს ჰერბსტი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ Telegram-ზე დაწერა, რომ დასავლეთმა უკრაინა ისევე უნდა დაიცვას, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაში გააკეთა. მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ აგრესორისგან სახელმწიფოს დასაცავად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო და არა ნატოს მე-5 მუხლის (ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება) ამოქმედება.

„ისრაელის დაცვით, თავისუფალმა სამყარომ უჩვენა, რომ სწორედ ასეთი ერთიანობა არათუ შესაძლებელია, არამედ 100 პროცენტით ეფექტურია. მოკავშირეთა ქმედითმა ნაბიჯებმა არ დაუშვა ტერორის წარმატება, ინფრასტრუქტურული დანაკარგები და აგრესორს გაჩერება აიძულა. იგივეა შესაძლებელი ტერორისგან უკრაინის დასაცავად, რომელიც ისევე როგორც ისრაელი, არ არის NATO-ს წევრი. ამისთვის აუცილებელი არ არის ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედება. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საკმარისი“, - დაწერა ზელენსკიმ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ს ისრაელთან თავდაცვის ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული, რაც მას დახმარების გაწევას დაავალდებულებდა, თუმცა, ისრაელი ამერიკის საგარეო დახმარების ყველაზე მსხვილი მიმღებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.