Loading data...
ზელენსკი: პუტინს არ სურს მოლაპარაკებები, მას უკრაინის განადგურება უნდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ომის დასასრულებლად მოლაპარაკების სურვლი არ აქვს, რადგან მას უცვლელად სურს, უკრაინა გაანადგუროს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა PBS NewsHour-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ არის შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტზე რუსეთი არასასურველი სტუმარი.

„ჩვენ მსოფლიოს „მშვიდობის ფორმულა“ შევთავაზეთ. დღეს პირველი ნაბიჯია. მე მჯერა, რომ პირველი ნაბიჯი უკვე კონკრეტულია. ივნისის შუა რიცხვებში შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელზეც ომის დასრულების გეგმა მომზადდება და დამუშავდება. ეს სამიტი რუსეთის გარეშე ჩატარდება, რათა მან ეს გეგმა არ დაბლოკოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს რუსეთს ყველა უკრაინელის განადგურება სურს.

„დღეს რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები. ამიტომ ინიციატივა უკრაინისგან უნდა მოდიოდეს, როგორც ქვეყნისგან, რომელსაც სურს, ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის, რადგან ეს მისთვის „გამარჯვებას“ არ ნიშნავს. 

„მისთვის [პუტინისთვის] გამარჯვება უკრაინის განადგურებაა. თქვენ გინდათ, ვესაუბროთ ადამიანს, რომელსაც ჩვენი მოკვლა უნდა? უბრალოდ მოკვლა. ის ამბობს: ან იქნებით რუსეთის ნაწილი, ან ჩვენ თქვენ ყველას გაგანადგურებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.